აღაიანის (თხოთის) ნინოწმინდის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით თხოთის მთის წვერზე თბილისიდან 53 კმ. დაშორებით მდებარეობს.
აღაიანის (თხოთის) ნინოწმინდის ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით თხოთის მთის წვერზე თბილისიდან 53 კმ. დაშორებით მდებარეობს.
ისტორიული წყაროებისა და ლეგენდის თანახმად თხოთის ქედზე მირიან მეფეს გადამხდა ცნობილმა ამბავმა: მეფეს მუხრანის მიდამოებში ნადირობისას თხოთის მთაზე „დაბნელდა მზე მთასა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი... დაშთა მეფე მარტო, და იარებოდა მთათა და მაღნართა შეშინებული და შეძრწუნებული“. იგი ამაოდ შესთხოვდა შველას თავის ღმერთებს, მაშინ მეფე შეჰვედრებია „ღმერთსა ნინოსა“. მოხდა „სასწაული“ - მზე გამოჩნდა, ცა მოიწმინდა. მირიანმა აღუთქვა ნინოს: „რამეთუ შენ მიხსენ მე ჭირისგან და განმინათლე ბნელი ჩემი, ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა, რომელითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდეს საქმე ესე სასწაული უკუნისადმე“.
ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადზე სარკმლის რელიეფში, გამოსახულია სამი ჯვრის აღმართვა, რომელიც უკავშირდება შემდეგ ისტორიულ წყაროს:
IV საუკუნეში ჯვრის შესაქმნელად “აკაკის ხე” გამოიყენეს, რომელიც დღევანდელი მცხეთის ჯვრის ფერდზე, წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულ წყაროსთან იყო აღმართული. მარადმწვანე, სურნელოვანი ხე სასწაულებრივად კურნავდა ცხოველებსა და ფრინველებს.
ქართულ საისტორიო წყაროებში დაცული გადმოცემის თანახმად, ძვ. სტილით 25 მარტს, ხარება დღეს მეფის ძემ – რევიმ და ეპისკოპოსმა იოანემ მორწმუნეების თანხლებით მოკვეთეს ხე, მიწაზე შეუხებლად შეაბრძანეს მცხეთაში და სვეტიცხოვლის სამხრეთ კართან აღმართეს, სადაც 37 დღე კვლავ მარადმწვანედ იყო. “1 მაისს იმ ხისგან ხუროებმა, მღვდლების სწავლებით, სამი ჯვარი შექმნეს. 7 მაისს კი “ხელის დადებითა მეფისაითა” აღმართეს სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შეკრებილნი იყვნენ მორწმუნენი. იმავე ღამეს ზეციდან გარდამოვიდა ვარსკვლავებით დაგვირგვინებული ცეცხლოვანი ჯვარი და თავზე დაადგა წმიდა ეკლესიას. რიჟრაჟზე მას გამოეყო ორი ვარსკვლავი, რომელთაგან ერთი – აღმოსავლეთისკენ, ხოლო მეორე დასავლეთისკენ გაემართა. “იგი თავადი – ჯუარი ცეცხლისაი დაგვირგვინებული ვარსკულავითა”, იდგა თავისი ბრწყინვალებით და ნელ–ნელა დაიძრა აღმოსავლეთისკენ, განვლო არაგვი და დაადგა წმიდა ნინოს ცრემლით აღმოცენებულ წყაროს. იქიდან ბორცვის თავზე აღემართა და კვლავ წყაროზე დაბრუნდა, რის შემდეგაც ზეცად ამაღლდა. ეს სასწაული რამდენჯერმე განმეორდა და მორწმუნე ერმა ყოველივე იხილა”.
ამის მერე ნინოს ბრძანებით თხოთის მთაზე, უჯარმასა და მცხეთაში, აღმართეს ხის ჯვარი.
თხოთის ეკლესია VII-VIII საუკუნეებით, თავდაპირველად ჯვარგუმბათოვანი იყო , რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა.
2007 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: სახურავიდან მოიხსნა მცირე ზომის ხეები, განახლდა გადახურვა და მოწესრიგდა ინტერიერი.
საკურთხეველში შემორჩენილი იყო მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახული იყო ტახტზე მჯდომი ქრისტე. ასევე მოხატულობის ნაშთი შემორჩენილი იყო საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდებოდა X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის მეოთხედით.